იტალიის დედაქალაქი რომი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია დანიშნულების ადგილია ტურისტებში, რომელიც ყოველწლიური სტატისტიკითაც დასტურდება. „მარადიული ქალაქი“ საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა იტალიისა და კათოლიკური სამყაროს ცენტრის ფუნქციას. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში და შუა საუკუნეებში აქედან იმართებოდა განვითარებული სამყაროს უდიდესი ნაწილი. ალბათ მსოფლიოში ძალიან ცოტა ქალაქს აქვს იმხელა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, როგორიც რომს.
რომს 28 საუკუნიანი ისტორია გააჩნია. შვიდ ბორცვზე აშენებული ქალაქის შექმნა, ლეგენდის თანახმად, ორი ძმის რომულუსისა და რემუსის სახელს უკავშირდება. ძმებს შორის წარმოქნილი კონფლიქტი ქალაქის მმართველობაზე დასრულდა ერთ-ერთის, რემუსის, მკვლელობით. აქედან წამოვიდა ქალაქის სახელი, მისი პირველი მმართველის, რომულუსის, საპატივსაცემლოდ.
მოგვიანებით რომი გახდა ქრისტიანული ცივილიზაციის საწყისი წერტილი. 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ აპენინის ნახევარკუნძულზე ცალკე სამეფო-სამთავროები შეიქმნა, მაგრამ რომს მისი მნიშვნელობა და აქტუალობა არასდროს დაუკარგავს. რომში არის კათოლიკური ეკლესიისა და სახელმწიფოს ვატიკანის რეზიდენცია.
დღევანდელი ქალაქის ტერიტორია მოიცავს 1285 კვ. კმ-ს, ხოლო მისი მოსახლეობა 2017 წლის მონაცემებით 2.87 მლნ ადამიანს შეადგენს. ქალაქი გაშენებულია მდინარე ტიბერზე.
რომის კოლიზეუმი, რომელსაც ფლავიუსების ამფითეატრის სახელითაც მოიხსენიებენ, ქალაქისა და რომანული ცივილიზაციის სიმბოლო გახდა. პირველი საუკუნის ელიფსური ფორმის ნაგებობა თავისი ოთხ იარუსიანი ადგილებითა და 48 მეტრი სიმაღლით 50000-მდე მაყურებელს იტევდა. მისი გახსნის ცერემონია 100 დღე გრძელდებოდა. აქ იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლები და ძველი რომის მთავარი სანახაობები.
ვატიკანში პიაცა სან პიეტროზე მდებარე წმინდა პეტრეს ბაზილიკა ქრისტიანული სამყაროს უმთავრესი ძეგლი და რომის პაპის საკათედრო ტაძარია. მისი მშენებლობა მეოთხე საუკუნეში დაიწყო და რომის პირველი ქრისტიანი იმპერატორის კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. დღეს იგი მილიონობით ტურისტსა და რელიგიურ მომლოცველს იზიდავს ყოველწლიურად.
ტრევის შადრევანი ბაროკოს სტილში შესრულებული არქიტექტურული ძეგლია, რომელიც ასევე იქცა რომის სავიზიტო ბარათად. იგი რომის ტრევის უბანში მდებარეობს. ძეგლის სიმაღლე 26 მ, ხოლო სიგანე 49 მეტრია.
ხელოვნების მოყვარულებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი ვატიკანის მუზეუმებია. ეს არ არის მხოლოდ ერთი დიდი მუზეუმი, ეს არის მუზეუმების წყება, რომელიც 42000 კვ.მ-ზეა გაშლილი და მსოფლიო კულტურისა და სხვადასხვა ცივილიზაციის 70 000-მდე ექსპონატს ინახავს. ამ ადგილების სრულად მოსანახულებლად რამდენიმე წელი დაგჭირდებათ.
რომს რამდენიმე აეროპორტი ემსახურება, მაგრამ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია ლეონარდო და ვინჩის აეროპორტი, რომელიც წელიწადში 43 მილიონამდე მგზავრს მასპინძლობს.
ლაშა
2023-12-06 12:27:46