გდანსკი ჩრდილოეთ პოლონეთის კულტურული და ისტორიული ცენტრია, რომელიც ბალტიის ზღვის სანაპიროზეა გაშენებული. მნიშვნელოვანია მისი როლი პოლონეთის ისტორიაში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს. გდანსკი ასევე ცნობილი პოლონური სოციალური მოძრაობის „სოლიდარობის“ დაბადების ადგილია. იგი ბალტიის ზღვაზე პოლონეთის უმთავრესი საპორტო ქალაქია.
გდანსკი, პომორსკის პროვინციის დედაქალაქი, მდინარე ვისტულას სათავეებთან არის გაშენებული. მისი გერმანული სახელწოდებაა დანზიგი, რაც ისტორიამ შემოინახა, რადგან ამ ქალაქში გერმანული გავლენა ტრადიციულად დიდია.
პირველად ისტორიულ წყაროებში მეათე საუკუნეში მოიხსენიება და მას შემდეგ ქალაქი მრავალი ევროპული ქვეყნის დაპირისპირების წინა ხაზი გამხდარა. საბოლოოდ ერთიანი პოლონეთის შემადგენლობაში დაბრუნდა 1945 წელს, რა დროიდანაც იწყება მისი თანდათანობით რესტავრაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება.
ქალაქი 262 კვ. კმ-ზე არის გაშენებული და 2018 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 574 000-მდე ადამიანს შეადგენდა.
გდანსკის ისტორიული ფუნქცია არა მარტო ბალტიის ზღვის აუზის გემების მიღება, არამედ გემთმშენებლობაც იყო. თანამედროვე ქალაქი ტურისტების ხელახალი აღმოჩენა გახდა თავისი უნიკალური „ოლდთაუნითა“ და ისტორიული მოედნით. დღევანდელი გდანსკი პოლონეთის საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრადაც ყალიბდება, რადგან აქ პოლონეთის რამდენიმე საუკეთესო უნივერსიტეტია წარმოდგენილი. ქალაქის სიამაყეს წარმოადგენს ეროვნული მუზეუმი, ოპერის სახლი, მიუზიკ ჰოლი და ძველი თეატრი.
ქალაქი ცნობილია ასევე საზღვაო მუზეუმით, რომელიც პოლონეთის საზღვაო კულტურული და ტექნოლოგიური მემკვიდრეობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
პოპულარული ფოტო გადაღებების ადგილია ცნობილი ნეპტუნის ქანდაკება თავისი შადრევნით და ოქროს ჭიშკარი, ხოლო წმინდა ეკატერინეს ეკლესიის კოშკიდან შეგიძლიათ ისიამოვნოთ ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედებით.
ქალაქს ახასიათებს ზომიერი და თბილი კლიმატი, ასევე მაღალი ნალექიანობა. როგორც წესი, წელიწადის ყველაზე მშრალი თვეც კი წვიმებით ხასიათდება. საშუალო წლიური ტემპერატურა არის 6.7 °C.
გდანსკს ემსახურება ლეხ ვალესას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 12 კილომეტრით არის დაშორებული. 2018 წელს აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა.
გაქვთ კითხვები?
დაგვიწერეთ კომენტარებში, თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!