კოპენჰაგენი დანიის სამეფოს დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქია, რომელიც ზელანდიისა და ამაგერის კუნძულებზეა გაშენებული. იგი ჩრდილოეთ ევროპის სიამაყე და სკანდინავიის რეგიონის ერთ-ერთი ულამაზესი და უდიდესი ქალაქია. ქვეყნის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ცენტრის სწრაფი განვითარება და ურბანულ ცენტრად გადაქცევა განსაკუთრებით სწრაფი ტემპით გაიზარდა 21-ე საუკუნის დასაწყისში.
პირველი დასახლება აქ ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში გაჩნდა. თავისი მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დასახლება მალევე დაწინაურდა და 1445 წელს დანიის დედაქალაქად და სამეფო სახლის რეზიდენციად გამოცხადდა. შვედებთან თუ ბრიტანელებთან წარმოებული ომისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს კოპენჰაგენი რამდენჯერმე მიწასთან გასწორდა, მაგრამ მისი რესტავრაცია და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა.
ქალაქის ტერიტორია 88.25 კვ. კმ-ზეა გადაჭიმული და მისი მოსახლეობა 2017 წლის მონაცემებით შეადგენდა 602 481 ადამიანს. დღეს კოპენჰაგენი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და ამავე დროს ძვირადღირებული დედაქალაქია, სადაც შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მძიმე ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ენერგო სექტორი.
კოპენჰაგენში თანაბრად არის წარმოდგენილი დიდი ისტორიის მქონე შუა საუკუნის დროინდელი სასახლეები და თანამედროვე არქიტექტურის ძეგლები.
ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი დანიშნულებაა როზენბორგის სასახლე, მე-16 საუკუნის ძეგლი, რომელიც დღეს მუზეუმის ფუნქციას ასრულებს, თავდაპირველად აშენებული იყო, როგორც სამეფო სახლის საზაფხულო რეზიდენცია. სკანდინავიური არქიტექტურითა და ფერწერით გატაცებულებს განსაკუთრებით მოეწონებათ ეს ადგილი.
კოპენჰაგენის ოპერის სახლი - ყველას გსმენიათ სიდნეის ოპერის სახლის შესახებ. გვინდა გაცნობოთ, რომ კოპენჰაგენის ოპერის სახლი სილამაზით სიდნეისას არ ჩამოუვარდება. თანამედროვე არქიტექტურის ეს ბრწყინვალე ძეგლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კონსტრუქციაა კაცობრიობის ისტორიაში. აშენებულია ცენტრალურ კოპენჰაგენში, ჰოლმენის კუნძულზე, სკანდინავიელი არქიტექტორების მიერ. თუ შოუს ვერ ესწრებით, დამთვალიერებლებს შენობის ტურებსაც სთავაზობენ.
ბოტანიკური ბაღები კოპენჰაგენის ბუნებრივი სიმდიდრეა. 10 ჰექტარზე გაშენებული ბაღი კოპენჰაგენის ცენტრში ფლორის 13000-მდე სახეობას მოიცავს და ყვავილობის ჟამს გაზაფხულზე ფანტასტიურ სანახობას ქმნის, თუმცა აქ დასვენება და დათვალიერება წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
ამ სიას ვერ მოვრჩებით ისე, რომ არ ვახსევნოთ ნიჰავნი, კოპენჰაგენის სიმბოლო და სავაჭრო მარკა - მე-17 საუკუნის ნავსადგური თავისი ხის გემებით, თანამედროვე ნავებით, ფერადი სახლებითა და ადგილობრივი სამზარეულოს რესტორნებით ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის.
კოპენჰაგენს ემსახურება ევროპის უძველესი საერთაშორისო აეროპორტი კასტრუპი, რომელმაც 2018 წელს 30 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღო.
გაქვთ კითხვები?
დაგვიწერეთ კომენტარებში, თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!